პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება

© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaხის დაგვა
ხის დაგვა - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ჩართულობით ტყისა და მწვანე სივრცეების გაფართოება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნიადაგის დეგრადირების პრევენცია და მოზარდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბერს - ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, საკუთარ პირველ ნერგს 41 ათასი პირველკლასელი დარგავს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ ახალი სახელმწიფო პროგრამა – ჩემი პირველი ნერგი" 6 სექტემბერს დაამტკიცა. პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ჩართულობით ტყისა და მწვანე სივრცეების გაფართოება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნიადაგის დეგრადირების პრევენცია და მოზარდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა.
„ეს მნიშვნელოვანი და ძალზე მასშტაბური პროექტი საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელს შესაძლებლობას მისცემს, დარგოს საკუთარი პირველი ნერგი. წელს 41 ათასზე მეტი პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას ამ ინიციატივაში, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის გარემოზე ზრუნვას და ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას", - განაცხადა სონღულაშვილმა.
მისი თქმით, პროექტის დაფინანსება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენისთვის განკუთვნილი რესურსებიდან მოხდება და ღონისძიებები, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, დააკვირდეს მის მიერ დარგული ხის ზრდასა და განვითარებას.
„ჩემი პირველი ნერგი“ ყოველწლიური პროგრამა იქნება და ყოველ წელს პირველკლასელებისთვის სკოლის დაწყება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუკავშირდება. საბოლოოდ კი, როდესაც ისინი სკოლას დატოვებენ, გარემოს დაუტოვებენ ზრდასრულ ხეს, რომელიც ჩვენი გარემოს გაჯანსაღებასა და გამწვანებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
პროცესში ჩართულები იქნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების და რეგიონული განვითარების სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, თბილისის მერია.
საქართველოს საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 სექტემბერს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0