პრემიერი: Trump Tower Tbilisi დედაქალაქს ახალ მიზიდულობას შესძენს

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
Trump Tower Tbilisi-ის პროექტის საერთაშორისო პრეზენტაცია თბილისში დღეს გაიმართა
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. 280 მეტრი სიმაღლის Trump Tower Tbilisi-მა და მასშტაბურმა კომპლექსმა Downtown Tbilisi-მა საქართველოს დედაქალაქში ეკონომიკური და ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი უნდა შექმნან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
Trump Tower Tbilisi-ის პროექტის საერთაშორისო პრეზენტაცია თბილისში დღეს გაიმართა. Downtown Tbilisi-ს მთავარი სიმბოლო 62-სართულიანი, 280 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი გახდება. მთელი კომპლექსი დაახლოებით 600 ათას კვადრატულ მეტრს დაიკავებს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ Trump Organization, ქართული Archi Group, Sapir Organization და სხვა პარტნიორები. არქიტექტურულ შემუშავებაში ჩართულია საერთაშორისო კომპანია Gensler-ის ვაშინგტონის ოფისი.
„2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის. ეს არის 280 მეტრის სიმაღლის 62-სართულიანი თაუერი, რაც გახლავთ თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამ მასშტაბის თანამშრომლობა კანონზომიერია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, მისი ღია ეკონომიკისა და ეკონომიკური დინამიკის გათვალისწინებით. კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა დოლარის გამოხატულებაში თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა, რამაც შესაძლებელი გახადა პრინციპულად განსხვავებული მასშტაბის პროექტების განხორციელებაზე გადასვლა.
Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, რომელიც პრეზენტაციას ვიდეოკავშირით შეუერთდა, განაცხადა, რომ Trump Tower-ი „მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს მზერა მიპყრობილი იქნება საქართველოსკენ".
მისი თქმით, კომპანია აპირებს თბილისში დეველოპმენტის ახალი სტანდარტი დაამკვიდროს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტის ხარისხსა და მის მდებარეობას. მან თბილისის ცენტრალურ პარკთან დაგეგმილი ცათამბჯენის მშენებლობა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთან არსებულ Trump Tower-ის პროექტებს შეადარა და მას მამის, დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელება უწოდა.
მან ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ეკონომიკურ დინამიკას და თბილისს უწოდა ერთ-ერთი ქალაქი, სადაც Trump Organization-ს სურდა სიმბოლური პროექტის განხორციელება. ტრამპის თქმით, მსგავსი ინვესტიციებისთვის ქვეყნის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ კულტურას, სატრანსპორტო მდებარეობას, ბუნებრივ მიმზიდველობასა და სტუმართმოყვარეობას.
ერიკ ტრამპმა პირობა დადო, რომ პირადად აქტიურად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში და არაერთხელ ეწვევა საქართველოს. მან ასევე მადლობა გადაუხადა კობახიძეს და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ Trump Tower Tbilisi-ის მნიშვნელობა ბევრად სცილდება უშუალოდ ორმილიარდიანი ინვესტიციის ფარგლებს.
მისი თქმით, ამ დონის პროექტები აძლიერებს ნდობას ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმართ და საერთაშორისო ინვესტორებს აჩვენებს საქართველოში მსხვილი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის თანამშრომლობას.
„ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
თავის მხრივ, Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ლორენს გლიკმა განაცხადა, რომ Trump Tower-ის შემოსვლამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას საქართველოში სხვა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებსა და ლუქს-კლასის ბრენდებს. მისი თქმით, Trump Organization-ი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 30 პროექტს ახორციელებს, კომპანიის მიღება კი საქართველოში განსაკუთრებით თბილი აღმოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0