პრემიერი: განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს სახელმწიფოს სიძლიერეს და მომავალს

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
დღეს საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
დღეს საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - ახალ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 40 ათასამდე პირველკლასელია.
„ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. მჯერა, არაერთ წარმატებას მიაღწევთ”, - დაწერა კობახიძემ.
პრემიერმა მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა, პედაგოგებს კი დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და ლექტორს ამ საპატიო მისიის ერთგულად შესრულებისთვის. ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“, -ნათქვამია წერილში.
მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმაც.
პრეზიდენტის თქმით, განათლების სისტემა, ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად, ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობით, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემასთან ერთად აქვს ცოდნა, უნარები და ამბიცია, თავად შექმნას უკეთესი საქართველო, რომელიც ღირსეულად უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს.
„ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მასწავლებლებს – ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმი, ეროვნული სულისკვეთება და პასუხისმგებლობა ყოველი ახალი თაობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, – დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.
ყველა ახალი ამბავი
0