„ქართული ოცნება“ გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ახალ სარჩელს წარადგენს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტიაც დაემატა.
„მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია საქართველოსთვის“", - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, გახარიას პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა შესულიყო პარლამენტში და მიეღო მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად მისი წარსულისა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობისა. თუმცა, პოლიტიკოსის განცხადებით, ამის ნაცვლად პარტიის წევრებმა კონსტიტუციური წყობისადმი უპატივცემულობა გამოავლინეს და რიგი დესტრუქციული ქმედებები ჩაიდინეს.
„არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა. ეს ჩვენთვის, პირადად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია", - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი არ ითვალისწინებს პარლამენტსა და საკრებულოში დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას.
„ამ სარჩელის პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა დეპუტატებზე პარლამენტსა თუ საკრებულოებში", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.