სიჭინავა: ანაკლიაში ფსკერის 17,5 მეტრამდე დაღრმავება დიდი გემების მიღებას უზრუნველყოფს

© courtesy of Anaklia Portანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი კი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და ლიდარ დრონების გამოყენებით ხორციელდება.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც ანაკლიის პორტს კონკურენტულს ხდის სხვა პორტებთან შედარებით, განაცხადა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
ანაკლიაში ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul Group-ის ფლოტის ორი გემი – Al-Idrisi და Tristao Da Cunha ახორციელებს, რომლებიც პროცესს ერთობლივად უზრუნველყოფენ.
„დაღრმავებასთან ერთად მიმდინარეობს ტალღმტეხელის მშენებლობა. ტალღმტეხელი სიგრძეში 1.376 მეტრი იქნება, რაც უზრუნველყოფს აკვატორიის დაცვას, შემდგომში ისევ ზღვის ტალღებისგან არიდების მიზნით, ტალღმტეხელის უბეში გემების უსაფრთხოდ მანევრირებისთვის. ტალღმტეხელის მშენებლობა დღესდღეობით მიმდინარეობს ხმელეთის მხარეს. როგორც კი სამუშაოები დასრულდება ხმელეთის მხარეს, მშენებლობა გადაინაცვლებს ზღვაში“, – აღნიშნა სიჭინავამ.
როგორც Jan De Nul-ის წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა გუშინ განაცხადა, ანაკლიის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრამდე დასრულდება.
ბელგიური კომპანია ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს 2024 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს. თავდაპირველად კონტრაქტის ღირებულება 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0