რთველი 2026: კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

© National Wine Agency of Georgiaრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
წელს სახელმწიფომ უარი თქვა პირდაპირ სუბსიდირებაზე და შეისყიდის იმ ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ შეიძენს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. კახეთის მასშტაბით ამ დროისთვის 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება.
„ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია", - ნათქვამია განცხადებაში.
2026 წელს საქართველოში ყურძნის ფასი მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული და სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერებისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვის გარანტი გახდება. 2026 წლის რთველის მიმდინარეობისას ყურძნის იმ ნამეტს, რომელსაც კერძო სექტორი არ შეიძენს, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის.
სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ყურძნის ღირებულების კორექტირება მთავრობის 4 აგვისტოს დადგენილებით არის გათვალისწინებული - შესასყიდი ფასები შაქრიანობის შემცველობის მიხედვით განiსაზღვრა.
კონდიციური და დაუზიანებელი „საფერავის", რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარია. არაკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარს შეადგენს. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული „საფერავის" ფასი კი 0,30 ლარით განისაზღვრა.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარს შეადგენს. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარია.
ყურძნის ჩაბარების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „ცხელი ხაზის" ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე ხდება. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0