ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა: იგი საპატიმროს 2 წელში დატოვებს

© Ministry of Defence of Georgia ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
ექს-მინისტრმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ბრალი სრულად აღიარა
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ სასჯელის ვადა ათიდან ხუთ წლამდე შეუმცირდა – სამ წელს იგი პატიმრობაში გაატარებს, ხოლო კიდევ ორი წელი ჩაეთვლება პირობით.
გარდა ამისა, ბურჭულაძე ჯარიმის სახით 1 მილიონ ლარს გადაიხდის.
ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მის ცოლისძმა ვასილ მხეიძესთან და თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა.
შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდარავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელიც 2025 წლის სექტემბერში დააკავეს, ციხეს ორ წელში დატოვებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, მაშინ როდესაც ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს, ის ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
2022 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. ამ პროცედურებში მონაწილეობისა და უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თავდაცვის მინისტრის ნათესავი ვასილ მხეიძე, მასთან შეთანხმებით, დაუკავშირდა ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება ჰქონდა.
ბიზნესმენს შესთავაზეს შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით მასთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა მოითხოვა.
აღნიშნულმა ბიზნესმენმა თავდაპირველად თავი შეიკავა შეთანხმებისგან და უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან მეტი გარანტიები მოითხოვა, ბურჭულაძე კი შეუთანხმდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ შესყიდვებს სასურველი ფორმით განახორციელებდა, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ უკანონო ფინანსურ სარგებელს.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სრული სამსახურებრივი მფარველობა მიიღო ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა მოითხოვა. ბურჭულაძის დავალებით, თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის შეძენის პროცესში არაკონკურენტული გარემო შექმნეს და ხელოვნურად გაზარდეს საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება.
შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.
პარალელურად, შესაბამისი გარანტიების და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1,9 მლნ ლარი.
აღნიშნული თანხიდან მხეიძემ პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 ათასი ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1, 5 მლნ ლარიდან, 750 ათასი ლარი თავისთვის დაიტოვა, თანხის მეორე ნახევარი - 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ღარიბაშვილს.
შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6.985,255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე უკვე მსჯავრდებული არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელები. კერძოდ, 2026 წლის აპრილში სასამართლომ ბურჭულაძეს, რომელსაც ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მხეიძეს 8 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.
ყველა ახალი ამბავი
0