ფოტოხაფანგმა შიდა ქართლში უკანონო ხეტყის ჭრა დააფიქსირა

© photo: Sputnik / Stringerხეტყე
ხეტყე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით გამოვლინდა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სატყეო უბანზე ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინფორმაციით, კანონდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.
კერძოდ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა რცხილისა და წიფელის სახეობის საშეშე მერქანი და მისი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა.
მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 129 ძირი მუხის სახეობის ხე - საერთო მოცულობით 5 კუბური მეტრი საშეშე მერქანი.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინიტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი კი გადატანილია ხაშურის „საქმიან ეზოში“.
„ტყის რესურსების უკანონო მოპოვების პრევენციისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიების – დრონების, სამხრე კამერებისა და ფოტოხაფანგების გამოყენებით ვახორციელებთ. გამოვლენილ სამართალდარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, – განაცხადა სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი ბენაშვილმა.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0