საპენსიო ამნისტია საქართველოში: დამსაქმებლებს ჯარიმებს ჩამოაწერენ

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
სახელმწიფო 43 მლნ ლარის ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საპენსიო ფონდში საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება, ჯარიმის ჩამოწერა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დამსაქმებელი საპენსიო დავალიანებას და საურავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
პაპუაშვილის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს წარედგინა - საკანონმდებლო პაკეტი დაახლოებით 13,5 ათას დამსაქმებელს შეეხება და ჯამში, 43 მილიონი ლარის ამნისტია მოხდება.
„ჩვენი ინტერესია, რომ დამსაქმებელმა საკუთარი დასაქმებული არ დააზიანოს და საპენსიო დანაზოგის თანხა დროულად და სრულად შეიტანოს, რაშიც თავისი წილით სახელმწიფოც მონაწილეობს. თუ დაიფარება ძირი თანხა და საურავები, ჯარიმის ნაწილი მოიხსნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით, ჯარიმების ოდენობის შემცირება მოხდება - პირველ და განმეორებით შემთხვევაში აქამდე გათვალისწინებული 500 ლარის და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 300 ლარი იქნება.
გარდა ამისა, საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური შეიქმნება, რაც პაპუაშვილის განმარტებით, საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს.
პროექტის თანახმად, იქმნება შესაძლებლობა, რომ საპენსიო შენატანების ეტაპობრივი გადახდა მოხდეს, 18 თვემდე ვადით.
ასევე იცვლება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. კერძოდ, შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას, აღსრულება შეჩერდება.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირთა რაოდენობამ 1 მილიონ 769 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35.793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185.189.254 ლარი.
მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0