Jan De Nul წარმომადგენელი: ანაკლიაში ფსკერის დაღრმავება 2026 წლის დეკემბრამდე დასრულდება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaანაკლიის პორტი
ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი კი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და ლიდარ დრონების გამოყენებით ხორციელდება.
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ანაკლიის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრამდე დასრულდება, განაცხადა ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
ბეიტსის თქმით, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში პროცესში Jan De Nul-ის დამატებითი ტექნიკაც ჩაერთვება - პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ამ ეტაპზე Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ახორციელებს.
„ორივე გემი დღე-ღამეში 70 ათას კუბ/მ ქვიშას ტუმბავს. ამინდი ვერ შეგვაფერხებს, ამ გემებს 3-მეტრიან ტალღებშიც შეუძლიათ მუშაობა. უკრაინასა და ირანში ომის შედეგად „შუა დერეფნის" კონკურენტი ჩრდილოეთის და სამხრეთის მარშრუტები ჩახერგილია, ხოლო ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის" გამტარობას ახალ ბიძგს მისცემს. ის ბოსფორის გავლით შავ ზღვაში შემოსული ყველაზე მსხვილი გემების მიღებას შეძლებს. საინჟინრო კუთხით ანაკლია შავი ზღვის უმსხვილეს კონსტანცას პორტსაც აჯობებს“, – განაცხადა ერიკ ბეიტსმა.
როგორც კომპანია Jan De Nul-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქართული დერეფანი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი დამაკავშირებელი ხიდია.
„ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება“, – განაცხადა ბეიტსმა.
ბელგიური კომპანია ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს 2024 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს. თავდაპირველად კონტრაქტის ღირებულება 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0