სუბსიდიები აღარ იქნება: საქართველოში საწარმოების მიერ ვაშლის შესყიდვის წესები იცვლება

© photo: Sputnikვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
გამოწერა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 12-წლიანი დახმარების პროგრამის გაუქმებას არა ხარჯების შემცირების ღონისძიებად, არამედ პრიორიტეტების შეცვლით ხსნის - ახლა ყურადღება ხილის ბაღების განახლებასა და მოსავლის ხარისხზეა გამახვილებული, უხარისხო პროდუქციის შესყიდვის ნაცვლად.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს, განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
2014 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების სუბსიდირების პროგრამა მოქმედებდა. სუბსიდირების პროგრამის თანახმად, გადამამუშავებელი ქარხნები (კონცენტრატის მწარმოებლები) ვალდებულნი იყვნენ ფერმერებისთვის არასტანდარტული ვაშლის ყოველ კილოგრამზე ფიქსირებული გადასახადი გადაეხადათ - ბოლო წლებში ეს საფასური მინიმუმ 0,22-0,25 ლარს შეადგენდა. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (RDA) გადამამუშავებელ ქარხანას ჩაბარებული ვაშლის ყოველ კილოგრამზე 0,1 ლარის სუბსიდიას უხდიდა.
„პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას. არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამ ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინტენსიური ბაღების ფართობების ზრდაა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2,6 ათას ჰექტარზე ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.
ამასთან, სამინისტროს განცხადებით, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ხელს უწყობდა დაბალპროდუქტიული და გადაბერებული ბაღების შენარჩუნებას, აფერხებდა ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აგრონომიული პრაქტიკის დანერგვას და ზრდიდა დაავადებების გავრცელების რისკს.
„სუბსიდირების დასრულება არ ნიშნავს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შეწყვეტას“, - აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, 2026 წლის 1 სექტემბერს ვაშლის კონცენტრატების მწარმოებელ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ კომპანიები მზად არიან, არასტანდარტული ვაშლი მიიღონ და გადაამუშაონ. ჩასაბარებელი ფასი ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება.
ყველა ახალი ამბავი
0