რეკორდული მგზავრთნაკადი და მასშტაბური ინვესტიციები - ქვრივიშვილი ავიაციის განვითარებაზე

© Сourtesy of Georgian Governmentმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის რეკორდულ მაჩვენებლებზე, ასევე შემდგომ განვითარებაში დაგეგმილ ინვესტიციებზე.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაიწყო ქვეყნის ინფრასტრუქტურის მომზადება მგზავრთნაკადის, ტურისტული ნაკადების და ავიაკომპანიების რაოდენობისთვის ზრდისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
საავიაციო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეკორდული მგზავრთნაკადის ფონზე, სახელმწიფომ დაიწყო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება, რათა მზარდ მოთხოვნას გაუსწროს. ამ ეტაპზე მთავარ პროექტად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაცია მოიაზრება.
„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ავიაციის სექტორს, მაგრამ მიუხედავად გამოწვევებისა, ძალიან სასიხარულოა, რომ ავიაციაში ჩვენ მაინც ვაგრძელებთ, გვქონდეს რეკორდული დინამიკა. მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დინამიკა მზარდია, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უნდა იყოს მზად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად გლობალური თუ რეგიონული გამოწვევებისა, საქართველოს ავიასექტორი აქტიურად იზრდება და ვითარდება, რაზეც მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს.
საქართველოს ავიაციის სექტორში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, სადაც, მისი თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს 240 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციას. პროექტის ფარგლებში იქ შენდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ამ ეტაპისთვის იქნება ქვეყანაში ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს დაიწყება მზადება სამგზავრო ტერმინალის გაფართოების პროექტზე.
„დღეს დაახლოებით 2.5 მილიონ მგზავრს ვმასპინძლობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ვფიქრობთ, რომ ალბათ, გავაორმაგებთ ამ გამტარობას, რადგან ვხედავთ - ძალიან მზარდია ტურისტული ნაკადები, ისევე როგორც მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“, - განაცხადა მინისტრმა.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3,6 კილომეტრი სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2026 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოჯისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას, ხოლო მომავალში – მსხვილგაბარიტიანი თვითმფრინავების მიღებას, რაც აეროპორტს შორ მანძილებზე ახალი რეისების დამატების შესაძლებლობას მისცემს.
ყველა ახალი ამბავი
0