17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
გამოწერა
საქმის პროკურორის ინფორმაციით, 17 წლის არასრულწლოვანის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
მკვლელობა თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში 10 სექტემბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რომელმაც შემდეგ შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გამოყენებას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა.
როგორც საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა, 17 წლის არასრულწლოვანის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა.
„ბრალდებულსა და მოკლულს შორის არანაირი ურთიერთობა არ არსებობდა, ისინი პირველად სწორედ იმ საბედისწერო ღამეს შეხვდნენ ერთმანეთს, ისინი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ. მას ბრალდებულმა შენიშვნა მისცა, თუ რატომ არ დგებოდა ფეხზე. ნარიმანიძემ მას უპასუხა, რომ ფეხი სტკიოდა და ვერ დგებოდა, რამაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაღიზიანება გამოიწვია. უთხრა, რომ ამდგარიყო, მის გვერდით დამდგარიყო და თუ ფეხი სტკიოდა, ხელი გადაეხვია და ასეთ მდგომარეობაში დამდგარიყო. ნარიმანიძე იძულებით მის გვერდით იდგა რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ ბრალდებულმა მას შესთავაზა მოშორებით, ცალკე გასვლა“, - განაცხადა პროკურორმა.
სონიძის ინფორმაციით, გასვლისთანავე ნარიმანიძეს ბრალდებულმა გულ-მკერდის არეში დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა, ცოტა ხნის განმავლობაში მიიმალა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და ჩაბარდა აღიარებით.
როგორც სონიძე აცხადებს, დაკავებული არასრულწლოვანი მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფება, რომელიც მას გადახდილი არ ჰქონდა.
პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0