უკანონო თევზჭერა: ბოლო რვა თვის სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმეთევზე ლისზე
მეთევზე ლისზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ დაახლოებით 440 კგ შეადგინა.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანონდარღვევებიდან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ დაახლოებით 440 კგ შეადგინა.
ყველაზე მეტი - 88 ფაქტი გამოვლენილია იმერეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. 82 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 51-სამეგრელო-ზემო სვანეთში, 49 -ქვემო ქართლში, 41 - კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, 34 ფაქტი გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 20 ფაქტი - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 10 - აჭარაში, 10 ფაქტი კი გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე.
სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 8 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. მიმდინარე წლის 8 თვეში ამოღებულია 218 ერთეული სახლართი ბადე და 24 ერთეული ელექტროიარაღი.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
სსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0