საქართველოს პროკურატურა: ბარამიძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულმა ცრუ განცხადებებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ყოფილ ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში, კერძოდ, საბოტაჟში წარედგინა - მას ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება, განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს პარასკევს საღამოს, 11 სექტემბერს, საკუთარ სახლში ხელბორკილები დაადეს. დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ოპოზიციონერის მეუღლემ გაავრცელა.
„ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა გულუაშვილმა.
როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.
„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად გამოირიცხა, შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან ტყვეთა დახვრეტის ფაქტები, რაც საზოგადოებისათვის თუ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ამ დრომდეც ისედაც ცნობილი იყო და არასდროს გამხდარა დისკუსიის საგანი“, - განაცხადა მან.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის სიტყვებს უწოდა უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაცია, რომელიც ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.
გარდა ამისა, გულუაშვილის თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის.
ასევე, განაცხადა პროკურორის მოადგილემ, ბარამიძის განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.
„ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას“, - განაცხადა პროკურორის მოადგილემ.
ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გულუაშვილის თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
„სამშობლოს ღალატის“ მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 19-წლიანი პაუზის შემდეგ, 2026 წლის აპრილში დაემატა. სამშობლოს ღალატი განისაზღვრება, როგორც საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობა.
გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის წევრია.
ბარამიძემ პოლიტიკური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ის არაერთხელ აირჩიეს საქართველოს პარლამენტში, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო თანამდებობა ეკავა.
2003 წლიდან 2004 წლამდე ბარამიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო 2004 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდგომში იგი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბარამიძემ პოლიტიკური საქმიანობა ოპოზიციაში განაგრძო. 2012 წლიდან 2016 წლამდე ის საქართველოს პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0