დილეტანტები - პაპუაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
ბრიუსელში ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებების სერიოზულად აღქმა უკვე შეუძლებელია
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის გაფართოებასთან დაკავშირებით, იმდენად არაპროფესიონალური გახდა, რომ ბრიუსელიდან წამოსული განცხადებების სერიოზულად აღქმა უკვე ძალიან რთულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, გაემიჯნონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-ს.
„იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები განსაკუთრებით აბსურდულია გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობა MAGA აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკურ საყრდენს წარმოადგენს.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნები სუვერენული სახელმწიფოები არიან და დამოუკიდებლად განსაზღვრავენ თავიანთ საგარეო პოლიტიკას და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს. თუმცა, მან განაცხადა, რომ ბრიუსელი ცდილობს უკარნახოს მათ საგარეო პოლიტიკური კურსი ევროკავშირში გაწევრიანებამდეც კი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულა ბრიუსელი ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაში. ოპოზიციურ ძალებში არსებული ამჟამინდელი დაპირისპირების კომენტირებისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს მათი ფრუსტრაციის შედეგია უწინდელი მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ.
„შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება. ზუსტად ამ ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს (რადიკალურ ოპოზიციაში - რედ.)“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციაში არსებული კონფლიქტი დადებითი პროცესია, რადგან „საზოგადოებისთვის ბევრი ფარული დეტალი ხდება ცნობილი“.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0