ხვალიდან რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება

© Tbilisi City Hallავტობუსები თბილისში
ავტობუსები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2026
გამოწერა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ მოძრაობის დროებითი სქემა 11 სექტემბრის 00:00 საათიდან იცვლება, განაცხადეს მერიაში.
შოთა რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო და სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა სრულად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
ახალი სქემის თანახმად, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ.
ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტომანქანები მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, ისე ფილარმონიისკენ და მარცხნივ მოხვევით ჭოველიძის ქუჩაზე. ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ასევე, მარცხნივ ფილარმონიის მიმართულებით.
იცვლება ამ მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტიც: ავტობუსები - N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 391, 397 და მიკროავტობუსები - N457, 472, 532, 540, 541 მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოხვდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
აქედან კი დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას კოსტავას ქუჩასთან დასაკავშირებლად ანალოგიურად გამოიყენებენ მარჯვენა სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტის ორი გაჩერება იმოქმედებს - N8-თან და მის მოპირდაპირედ, ასევე, N14-თან და მის მოპირდაპირე მხარეს.
ყველა ახალი ამბავი
0