სურსათის სააგენტო საბავშვო ბაღებს ამოწმებს

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2026
გამოწერა
საქართველოს საჯარო საბავშვო ბაღებში 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს იწყება.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო პროცესის დაწყებამდე საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებისა და სამზარეულოების მდგომარეობას ამოწმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით ჯამში 1.886, მათ შორის 1.645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს.
„როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება - სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზოგად ჰიგიენას, ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის მოწესრიგებულობას, სამზარეულოს აღჭურვილობას, სათანადო ტემპერატურულ რეჟიმს, სასმელი წყლის უვნებლობასა და კვების პერსონალის მზადყოფნას.
უწყების განმარტებით, ეს ის ძირითადი პირობებია, რომლებიც სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებმა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად უნდა დააკმაყოფილოს.
საქართველოს საჯარო საბავშვო ბაღებში 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ოფიციალურად 15 სექტემბერს იწყება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1.717 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 130 ათასზე მეტი აღსაზრდელი ირიცხება. რაც შეეხება კერძო ბაღებს, მათ შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0