რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით აგვისტოში

© photo: Sputnik / Stringerხანდაზმული ადამიანები
ხანდაზმული ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2026
გამოწერა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის 10.0 მილიარდ ლარს მიაღწია, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
უწყების ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირთა რაოდენობამ 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, 1 მილიონ 769 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185.189.254 ლარი.
„აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - აღნიშლია ინფორმაციაში.
აგვისტოში საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის, შექმნიდან სამი წელი გავიდა.
„თავისი არსებობის პერიოდში ორივე პორტფელმა მნიშვნელოვნად მაღალი მომგებიანობა აჩვენა, რაც, დიდწილად, მათში საერთაშორისო აქციების მაღალ წილს უკავშირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2023 წლის აგვისტოდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, საპენსიო ფონდის პორტფელების მომგებიანობა შემდეგნაირია:
დინამიკური პორტფელი - ნომინალურმა კუმულატიურმა ამონაგებმა 50.9% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში ინფლაციით გათვალისწინებული რეალური ამონაგები 34.2% იყო (გაწლიურებული ნომინალური: 14.3%, ხოლო რეალური 10.0%);
დაბალანსებული პორტფელი - ნომინალურმა კუმულატიურმა ამონაგებმა 46.2% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში ინფლაციით გათვალისწინებული რეალური ამონაგები 30.0% იყო (გაწლიურებული ნომინალური: 13.2%, ხოლო რეალური 8.9%);
კონსერვატიული პორტფელი - ნომინალურმა კუმულატიურმა ამონაგებმა 41.4% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში ინფლაციით გათვალისწინებული რეალური ამონაგები 25.7% იყო (გაწლიურებული ნომინალური: 11.9%, ხოლო რეალური 7.7%); აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 113.8% შეადგინა, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით რეალურმა ამონაგებმა 40.5%-ს მიაღწია. გაწლიურებული მაჩვენებლები, შესაბამისად, 10.4% და 4.5%-ია.
2026 წლის აგვისტოში საუკეთესო შედეგი დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა და 1.96%-ით გაიზარდა, რაც საერთაშორისო აქციებში მის უფრო მაღალ წილს უკავშირდება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები, შესაბამისად, 1.57%-ით და 1.18%-ით გაიზარდა. კონსერვატიულ პორტფელზე საერთაშორისო ბაზრების აღდგენა შედარებით ნაკლებად აისახა, პორტფელში აქციების დაბალი წილის შედეგად.
„აგვისტოში დაფიქსირებული 0.40%-იანი თვიური ინფლაციის ფონზე, სამივე პორტფელმა დადებითი რეალური თვიური შემოსავალი დააფიქსირა. დინამიკური პორტფელის რეალურმა შემოსავალმა 1.55% შეადგინა, დაბალანსებულის და კონსერვატიულის კი 1.16% და 0.77%“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
დაგროვებითი პენსია
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0