პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმიანება

© photo: Sputnik / Stringerგლდანის მერვე დაწესებულება
გლდანის მერვე დაწესებულება - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2026
გამოწერა
ელიზბარაშვილს ბრალდება მუქარის მუხლით აქვს წარდგენილი. 8 სექტემბერს ელიზბარაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
ბიზნესმენსა და ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი 2026 წლის 1-ელ სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, მას ბრალდება მუქარის მუხლით აქვს წარდგენილი. 8 სექტემბერს ელიზბარაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვანილი.

„ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცადებით, ბრალდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა. ამჟამადაც, როგორც მოშიმშილე, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და, საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა სათანადო მომსახურება.
„იგი უზრუნველყოფილია ქრონიკული დაავადების სამკურნალო შესაბამისი მედიკამენტით და მიიღებს მას დანიშნულებისამებრ. გარდა ამისა, ბრალდებული საკანში უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით - ე.წ. ვენტილატორით. შესაბამისად, სიცრუეა მისი უფლებადამცველის განცხადება, თითქოს ბრალდებულს დასახელებული ნივთი არ აქვს“, - აცადებს პენიტენციური სამსახური.

მათივე განცადებით, ტელევიზორი თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა უნდა შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში, დადგენილი წესის შესაბამისად.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ დაზუსტებული, ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია.
თამაზ ელიზბარაშვილის საქმე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.
პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი კონფლიქტის დროს თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.
დაახლოებით 00:20 საათზე თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია.
31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0