დღეს ვენეციის კინოფესტივალზე კოღუაშვილის ფილმის „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება

© Courtesy of Levan Koguashviliლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია"
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
ქართველი რეჟისორის ფილმი ვენეციის კინოფესტივალის Venice Spotlight სექციაში იქნება ნაჩვენები.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე 9 სექტემბერს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურიის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
ვენეციის 83-ე კინოფესტივალი 2-12 სექტემბერს ლიდოზე იმართება. ფესტივალი დენი ბოილის ფილმ „მელნის“ მსოფლიო პრემიერით გაიხსნა, ჟიურის კი „პატარძლის“ და „უცნობი ქალიშვილის“ რეჟისორი მეგი ჯილენჰოლი ხელმძღვანელობს.
უწყების ცნობით, ქართველი რეჟისორის ფილმი ვენეციის კინოფესტივალის Venice Spotlight სექციაში იქნება ნაჩვენები.
Venice Spotlight ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სექციაა, სადაც შემოქმედებითი ორიგინალურობითა და მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები იყრის თავს. აღნიშნულ სექციაში წელს მხოლოდ 8 ფილმია წარმოდგენილი.
ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორ ლევან დვალის თქმით, საპრემიერო ჩვენების გარდა, დაგეგმილია სპეციალური ჩვენება პრესისთვის და ფილმისა და ქვეყნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება.
„ვენეციის 83-ე კინოფესტივალი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული კინოსთვის, რადგანაც სწორედ აქ გაიმართება ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის, „გურიის“ მსოფლიო პრემიერა. რომ დიდი მოლოდინი გვაქვს უცხოელი კინოკრიტიკოსების გამოხმაურებასთან დაკავშირებით, რადგან მსოფლიოს წამყვან გამოცემებში რამდენჯერმე უკვე გაჟღერდა ფილმზე ინფორმაცია. ამასთან, ერთ-ერთმა დიდმა ფრანგულმა კომპანიამ ფილმის საერთაშორისო გაყიდვები საკუთარ თავზე აიღო“, – განაცხადა დვალმა.
ფილმი „გურია", რომელიც გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, პროგრამა Creative Georgia-ს, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა.
ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს, ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ „ძალიან სასაცილო კომედიაა, რომელიც ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს“.
ფილმი „გურია“
„გურია“ არის ტრაგიკომედია სიყვარულსა და მეგობრობაზე 1990-იანი წლების დასაწყისის გაჭირვებულ, მაგრამ მაინც ნიჭიერ და ადამიანურობით სავსე გურიაში.
უშუქობის, სიღარიბისა და ყაჩაღობის მიუხედავად, გურიაში ხალხი მაინც ახერხებს სიყვარულს, ჩხუბს, მეგობრობას, შიგადაშიგ სიმღერას და ოცნებას, ანუ ცხოვრება გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ადამიანურობას ინარჩუნებს.
„ფილმი არის ადამიანებზე, რომლებიც, რთულ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, ადამიანობას ინარჩუნებენ. ისინი შორს არიან სრულყოფილებისგან და ხშირად საკმაოდ ცუდადაც იქცევიან, მაგრამ რჩებიან ადამიანებად. მათ შეუძლიათ მეგობრობა და თანაგრძნობა. მე მინდოდა გადამეღო ფილმი ჩვეულებრივ ადამიანებზე, ყოველგვარი იდეოლოგიური კლიშეებისა თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე - უბრალოდ ცხოვრება, უბრალოდ კინო, უბრალოდ გურია. გურია მეტია, ვიდრე უბრალო კუთხის სახელი, ეს უფრო შინაგანი მდგომარეობაა“, - ამბობს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
„გურია“ კოღუაშვილის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმია. 2021 წელს გამოვიდა ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც ნიუ-იორკის „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0