უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: 8 თვის მონაცემები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31აგვისტოს ჩათვლით უკანონო ტყითსარგებლობის 1.124 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 810 ფაქტი ეხება ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 314 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
2026 წლის 8 თვეში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სამართალდარღვევა -265 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 204, კახეთში - 191, იმერეთში - 152, სამცხე-ჯავახეთში - 81, ქვემო ქართლში - 55, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 49, გურიაში - 45, შიდა ქართლში - 40, მცხეთა-მთიანეთში კი - 35.
დეპარტამენტის ცნობით, 7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0