GWP რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს

© press-service of Georgian Water and PowerGeorgian Water and Power-ის თანამშრომელი
Georgian Water and Power-ის თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-იმ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური სამუშოები ივლისის ბოლოს დაიწყო - პროექტი ჯამში 12,5 მლნ ლარის ინვესტიციას მოიცავს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში სრულად ნახლდება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიწისქვეშა ქსელი.
„რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა 3,6 კმ სიგრძის წყალმომარაგების და 1,3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, ამასთან, უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ მარეგულირებელი ურდული და საკვანძო ჭები", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ, მდგრადობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.
პროექტის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის საიმედოობას.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. ვადების სიმცირის გამო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ყველა ახალი ამბავი
0