ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი, რომელის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, უცვლელად - 8,25%-ის ნიშნულზე დატოვა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სებ-მა მონეტარული პოლიტიკა 2026 წლის 6 მაისს, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8,25%-მდე გაზარდა.
„მიმდინარე მაკროეკონომიკური ვითარებისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
მარეგულირებლის ცნობით, ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზანია ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის ეფექტების რისკების მინიმიზირება, რათა მიწოდების შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს სწრაფად დაუბრუნდეს.
როგორც სებ-ის ინფორმაციაშია აღნიშლი, 2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5,6% შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლიდან გადახრას კვლავ მეტწილად მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკები განაპირობებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი წვლილი ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ხელახალი გამწვავება ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობასა და საერთაშორისო ფასების მერყეობას ზრდის. ამასთან, გაძლიერდა საერთაშორისო სასურსათო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხიც.
უწყების განმარტებით, ენერგორესურსების ფასების ზრდა, სამომხმარებლო ფასებზე პირდაპირი გავლენის გარდა, წარმოებისა და ტრანსპორტირების დანახარჯებს ზრდის და ამ არხით სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც აისახება.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ცენტრალური პროგნოზის შესაბამისია. აღნიშნული სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5,2%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.
გეოპოლიტიკური მოვლენების შემდგომ განვითარებასა და ეკონომიკაზე მათი გავლენის მასშტაბთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ მაღალია. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური რისკის სცენარები განიხილა.
მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში, ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი.
ეს ალტერნატიული სცენარი ითვალისწინებს, რომ გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება, გაუარესებული კლიმატური პირობებით გამოწვეულ საერთაშორისო სასურსათო ფასების ზრდასთან ერთად, ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტებს გააძლიერებს. შედეგად, ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალი და ფართომასშტაბიანი იქნება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკაში და გაცვლითი კურსის გამყარება ხელს უწყობს საერთო ინფლაციის უფრო სწრაფ მიახლოებას მიზნობრივ მაჩვენებელთან
სებ-ი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეორე რაუნდის ეფექტებსაც გააძლიერებს, კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, მარეგულირებელი ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0