საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ზრდას განაგრძობს

© photo: Sputnik / Svetlana Shevchenkoდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
წინა ჯერზე ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს 2026 წლის 30 ივლისს – 7,53 მლრდ დოლარს მიაღწია.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 8,14 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
წინა ჯერზე ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს 2026 წლის 30 ივლისს – 7,53 მლრდ დოლარს მიაღწია.
„საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ის მონაცემებით, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც - საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128,2%-ს შეადგენს.
აგვისტოში რეზერვები 613 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან — თითქმის 2 მლრდ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება დაკავშირებულია მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებთან სავალუტო ბაზარზე, ასევე ოქროს ღირებულების ზრდასთან.
2025 წელს საერთაშორისო რეზერვები 1.709,5 მლნ დოლარით გაიზარდა, 2024 წელს 562,1 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო 2023 წელს 101,5 მლნ დოლარით გაიზარდა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 6,5 მლრდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (5 მლრდ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,5 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 474,5 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,8 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვებში ოქრო შეადგენს 1,15 მლრდ დოლარს (რეზერვების მთლიანი მოცულობის 14,1%).
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულებამ შეადგინა 42,8 ათასი დოლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0