ალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ნიშანდების სისტემა 2027 წლის თებერვლიდან ამოქმედდება

© courtesy of Nikoloz Mjavanadzeქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, ალკოჰოლური სასმელების ნიშანდების სისტემა საერთაშორისო პრაქტიკაა, რომელიც მეღვინეობის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ნიშანდება (მარკირება) ღვინის მწარმოებლებისთვის 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან სავალდებულო გახდება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი სისტემა დაიცავს ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან, გააუმჯობესებს საქონლის სრულ მიკვლევადობას და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
„საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ნიშანდების შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით“, — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ.
მისი თქმით, ალკოჰოლური სასმელების ნიშანდების სისტემა საერთაშორისო პრაქტიკაა, რომელიც მეღვინეობის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.
„ნიშანდების მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მომხმარებელს პროდუქტის შესახებ მეტი სანდო ინფორმაცია ექნება, ხოლო კეთილსინდისიერი მწარმოებლები უფრო გამჭვირვალე და კონკურენტულ პირობებში შეძლებენ საქმიანობას", - განაცხადა ვაჭარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ახალი სისტემის დანერგვა მომხმარებლის ინტერესების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ბაზარზე არსებული პროდუქციის კონტროლსა და მის წარმომავლობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გააძლიერებს.
ხარისხიანი ღვინის წარმოება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2020 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო ყოველწლიურად ახორციელებდა რთველის სუბსიდირებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ფერმერების მხარდაჭერას, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებასა და მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად ახორციელებენ ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხის სახელმწიფო კონტროლს.
ყველა ახალი ამბავი
0