სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის ბაზარზე ქართული პროდუქცია იმპორტს ვერ ჩაანაცვლებს

© photo: Sputnik / Stringerთევზის გამოფენა
თევზის გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოში გაყინული თევზის იმპორტმა 11 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4%-ით მეტია
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი წარმოების თევზი ვერ შეძლებს თევზზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ან იმპორტის ჩანაცვლებას, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
2026 წელს საქართველოში აგროდაფინანსების ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის თევზის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზაციის, ისე ახლის შექმნის თანადაფინანსებას.
„სახელმწიფო მხარდაჭერა ხელს უწყობს საქართველოში იმ პროდუქციის წარმოების ზრდას, რომლის მიღებაც ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი. თუმცა, თევზის ბაზარზე იმპორტის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხერხდება, ვინაიდან საქართველოში მოხმარებული თევზის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკეანური წარმოშობისაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოში გაყინული თევზის იმპორტმა 11 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4%-ით მეტია. იმპორტირებული პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ 37,6 მლნ დოლარს მიაღწია.
უწყება აღნიშნავს, რომ 2026 წელს გაიზარდა ატლანტიკური ორაგულის თევზის იმპორტი.
„აღნიშნული პროდუქტი შედარებით მაღალი ღირებულების სეგმენტს მიეკუთვნება და იმპორტის საერთო მოცულობაში მისი წილის ზრდა აისახება კიდეც იმპორტირებული პროდუქციის საშუალო ფასზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქართული თევზის ბაზარი მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული საერთაშორისო ბაზრებთან.
შესაბამისად, თევზის ფასებზე გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების დინამიკა, ლოჯისტიკური ხარჯები, მომწოდებელ ქვეყნებში არსებული ვითარება და ცალკეულ სახეობებზე საერთაშორისო ფასები.
ყველა ახალი ამბავი
0