„თავისუფალი ხალხის პარტია“ - „გირჩმა" სახელი შეიცვალა

© Courtesy of Iago Khvichiaიაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2026
გამოწერა
პარტიაში სახელის შეცვლის მიზეზები განმარტეს
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა" სახელის შეცვლა გადაწყვიტა - ამიერიდან მისი სახელი იქნება „თავისუფალი ხალხის პარტია“, ნათქვამია პარტიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
„გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წევრმა დააფუძნა. 2020 წელს პარტია ორ პოლიტიკურ ძალად გაიყო: „გირჩი", რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რახვიაშვილი და „გირჩი - მეტი თავისუფლება", რომლის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გახდა.
„გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი - დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: „თავისუფალი ხალხის პარტია“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
როგორც პარტიაში განმარტეს, გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს გაუგებრობა ორ პოლიტიკურ ძალას - „გირჩსა“ და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ შორის, რაც მოქალაქეებში გაურკვევლობას იწვევდა.
„ჩვენ „გირჩი“ იმიტომ დავირქვით, რომ თავისუფლების იდეა გამოგვესახა ნეიტრალურ საგანში, რომელიც ხალხისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა. ალბათ, წარმატებული გამოვიდა, ვინაიდან, ჩვენ გარდა, ბოლო წლებში კიდევ ორ პარტიას დაერქვა ეს სახელი (თან არც ერთს არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან)", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, „გირჩის" ოპონენტები ამ გაუგებრობას შესანიშნავად იყენებენ.
ყველა ახალი ამბავი
0