თბილისში ტრამვაი ბრუნდება: თურქულ კომპანია EYE-სთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2026
გამოწერა
კალაძის თქმით, ტრამვაის დაბრუნებას თბილისისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - ეს არის იმ ქალაქური კულტურის დაბრუნება, რომელიც უფროსი თაობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და თურქულმა კომპანია EYE -მა (Emre Ray + Yüksel + Erk) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დედაქალაქში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროს სადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელშეკრულების ხელის მოწერის ცერემონიაზე.
თბილისის ქუჩებში ტრამვაის დაბრუნება სამი ეტაპისგან შედგება: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური დაპროექტება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპისთვის განსაზღვრულია 36 თვე ხელშეკრულების ხელმოწერიდან, ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით კი პროექტის დასრულება უახლოესი 4 წლის განმავლობაში იგეგმება.
„დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ არა უბრალოდ ხელშეკრულებას, დღეს ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს. ჩვენ თბილისელებს დავპირდით, რომ ტრამვაის დავაბრუნებდით და დღეს ამ დაპირების შესრულების კონკრეტულ ეტაპს ვიწყებთ“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ტრამვაის დაბრუნებას თბილისისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - ეს არის იმ ქალაქური კულტურის დაბრუნება, რომელიც უფროსი თაობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, დასძინა მერმა.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის განხორციელებაც 2017 წლიდან დავიწყეთ, სწორედ ამას ემსახურება – ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ქუჩა თანაბრად უნდა ემსახურებოდეს ფეხით მოსიარულეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს, ეკოტრანსპორტით მოსარგებლეს და ავტომობილების მძღოლებს", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ასეთი მასშტაბის პროექტს აუცილებლად ახლავს გარკვეული დისკომფორტი, რომლის მაქსიმალურად შესამცირებლად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.
„რასაკვირველია, ერთი ტრამვაის ხაზი თბილისის ყველა სატრანსპორტო გამოწვევას ვერ გადაწყვეტს და ამის თქმას არც ვაპირებ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, რომ ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი", - განაცხადა კალაძემ.
ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან. ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი ბოლო გაჩერება მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმდებარედ იქნება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7,5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე.
პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 417 მლნ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება.
თბილისში პირველი ტრამვაი 1904 წელს გამოჩნდა. ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული 1930–1940-იან წლებში იყო.
ტრამვაიმ თბილისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა – 194 მლნ ადამიანი 1940 წელს გადაიყვანა. მგზავრებს ეს ტრანსპორტი 2006 წლამდე ემსახურებოდა. მას შემდეგ ის მთლიანად ავტობუსებმა, სამარშრუტო ტაქსებმა და მეტრომ ჩაანაცვლა.
რას ითვალისწინებს პროექტი
საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას.
პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობასაც, რომელიც გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0