აშშ-ში 1,3 მლრდ დოლარის თაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

CC BY-SA 2.0 / verkeorg / 484563651მოსამართლოს ჩაქუჩი
მოსამართლოს ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2026
გამოწერა
33 წლის ერეკლე გუგავაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეს, 33 წლის ერეკლე გუგავას, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ თაღლითურ სქემაში მონაწილეობისთვის ბრალდება წარედგინა — მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოსტონის ფედერალურმა პროკურატურამ გუგავას ბრალი ჯანდაცვის სფეროში 1,3 მილიარდი დოლარის თაღლითური სქემით მიღებული თანხების გათეთრებისთვის წაუყენა. უწყების ინფორმაციით, თაღლითობის პერიოდში ის აშშ-ში უკანონოდ იმყოფებოდა.
გუგავამ აშშ 2025 წლის ივლისში, სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ დატოვა და ამჟამად მიმალვაშია - მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
უწყების ცნობით, გუგავა ფულის გამთეთრებელი იყო უცხოეთში მოქმედი ორგანიზაციისთვის, რომელიც სათავეში ედგა ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მასშტაბურ თაღლითურ საქმეს, სახელწოდებით „ოპერაცია ოქროს ციებ-ცხელება" (Operation Gold Rush).
როგორც ბრალდების დოკუმენტებშია აღნიშნული, სავარაუდოდ, გუგავა 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე ფლობდა პენსილვანიაში მდებარე სამედიცინო აღჭურვილობის კომპანია LLC-ს (ND Medical) ND Medical Solutions-ს.
გუგავას სავარაუდო მფლობელობის ხუთი თვის განმავლობაში ND Medical-მა Medicare-ის დამატებითი დაზღვევის პოლისების უზრუნველსაყოფად კონტრაქტით დაქირავებული კერძო სადაზღვევო კომპანიების, კერძო დამსაქმებლების მიერ დაფინანსებული გეგმებისა და პროფკავშირის ჯანმრთელობის დაზღვევის გეგმების სახელით, სულ მცირე, 1,3 მლრდ დოლარის ოდენობის თაღლითური მოთხოვნები წარადგინა.
ამ სადაზღვევო კომპანიებმა ND Medical-ს დაახლოებით 6,5 მლნ დოლარი გადაუხადეს.
სქემის ფარგლებში, გუგავა, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა თაღლითური გზით მიღებული შემოსავლების განთავსებასა და გადარიცხვას.
გარდა ამისა, უწყების განცხადებით, ორგანიზაცია ბოროტად იყენებდა აშშ-ის ფინანსურ სისტემას თაღლითური გზით მიღებული სადაზღვევო კომპენსაციის ჩეკების განთავსებით. ჯანდაცვის სფეროში თაღლითობით მიღებული შემოსავლები განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო გასათეთრებლად, ვინაიდან თანხები ლეგიტიმური წყაროებიდან — „მედიქეარისა" და დამკვიდრებული კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან მომდინარეობდა, რაც მათ თავდაპირველად კანონიერ იერსახეს ანიჭებდა.
ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულების ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით, სამწლიან ზედამხედველობით გათავისუფლებასა და ჯარიმას 500 ათას დოლარამდე ოდენობით ან გათეთრებული თანხის გაორმაგებულ ოდენობას — იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო მეტი იქნება. განაჩენს ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე აშშ-ის სასჯელის დანიშვნის სახელმძღვანელო პრინციპებისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასჯელის განმსაზღვრელი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0