ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

© Georgian National Olympic Committeeლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
გამოწერა
ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ის ასევე ფლობს რეკორდებს ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტრო.
უწყების ცნობით, ტალახაძე სპორტს უბრუნდება და მისი მიზანია 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოპოვება.
„მეორე თვეა ვვარჯიშობ, გუნდთან ერთად ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ რომელიმე შეჯიბრში ჩავერთვები და შევეცდები, რომ ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვო. წელს ასევე გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მეც ვგეგმავ გამოსვლას, რადგან უკვე სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატია, თითოეულ ჩვენგანს გვესაჭიროება, ვინც ვფიქრობთ ოლიმპიადაზე მონაწილეობას', - განაცხადა ტალახაძემ.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 12 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ალბანეთში გაიმართება, უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს კი ჩინეთი 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
ტალახაძე საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. იგი პარლამენტარი 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგად გახდა - მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სპორტსმენი პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან მალევე შეუერთდა.
ლაშა ტალახაძე არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (2016, 2020, 2024), მსოფლიოს შვიდგზის (2015, 2017, 2018, 2019, 2021, 2022 და 2023 წლებში) და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი (2016, 2017, 2018, 2019, 2021, 2022 და 2023).
მან დაამყარა 23 მსოფლიო რეკორდი 105 კგ-ზე და 109 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში. არის მოქმედი და აბსოლუტური მსოფლიო რეკორდსმენი ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ) 109 კგ-ზე მეტ კატეგორიაში.
2025 წელს ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, აღნიშნულ თანამდებობაზე მან კახი კახიაშვილი შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0