ქართული მეღვინეობა: საქართველოში საგანმანათლებლო სისტემას შექმნიან

© FB / Wines of Georgiaღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
გამოწერა
პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება 2026 წლის 1-ელ ოქტომბერს
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირველად შეიქმნება ქართული ღვინის შესწავლის საერთაშორისო საგანმანათლებლო და სერტიფიცირების პროგრამა, იუწყება საქართველოს სომელიეთა ასოციაცია.
პროგრამა „ქართული ღვინის შესწავლა“ - აკადემიურად დასაბუთებული, ინტერდისციპლინური, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. ინიციატივის ავტორების თქმით, მისი მიზანია ქართული ღვინის ყოველმხრივი შესწავლა მის ბუნებრივ, ისტორიულ, კულტურულ, მევენახეობის, მეღვინეობის, სოციალურ და ცივილიზაციურ კონტექსტში.
„ეს არის პროგრესული საგანმანათლებლო სისტემა, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იქნება ქართული ღვინის სიღრმისეულად შესწავლა, შეცნობა და მისი პროფესიონალურად წარდგენა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე“, — ნათქვამია მათ განცხადებაში.
პროგრამის ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო აუდიტორიას წარმოადგენენ სომელიები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ის პროფესიული გაერთიანებები, რომლებიც წარმოდგენილია საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (Association de la Sommellerie Internationale) 70 ეროვნული-წევრი ასოციაციის მიერ. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ASI-ს წევრია 2008 წლიდან.
პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ამ ცოდნის გავრცელებას ღვინისა და გასტრონომიის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ღვინისა და გასტრონომიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მედიასაშუალებებისა და სხვა დაინტერესებული პროფესიული წრეების წარმომადგენლებს შორის.
საგანმანათლებლო პროგრამას წარადგენს საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და შალვა ხეცურიანის სახელობის სომელიეს სკოლა. სისტემა მოიცავს სამ თანამიმდევრულ საფეხურს: I – ქართული ღვინის მოყვარული; II – ქართული ღვინის ექსპერტი; III – ქართული ღვინის ელჩი.
პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება 2026 წლის 1-ელ ოქტომბერს - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებულ ღვინის საერთაშორისო დღეზე.
ყველა ახალი ამბავი
0