მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შვილების მკვლელი ლინდსი კლენსის საქმე: ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს

© AFP 2024 / DON EMMERTსასამართლო ნიუ-იორში
სასამართლო ნიუ-იორში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
გამოწერა
წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი გაუქმებულად გამოცხადდა
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ პლიმუთის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა 38-საათიანი განხილვის შემდეგ ვერ გამოუტანეს განაჩენი სამი შვილის დედას, ლინდსი კლენსის, რომელმაც 2023 წლის იანვარში სამი შვილი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა, იუწყება The New York Times.
ტრაგედია მასაჩუსეტსში 2023 წელს დატრიალდა: 36 წლის ლინდსი კლენსიმ სამ შვილს - ქალიშვილსა და ორ ვაჟს - სიცოცხლე გამოასალმა და შემდეგ თავად სცადა თვითმკვლელობა. ის გადარჩა, მაგრამ ამ მცდელობის შედეგად გადაადგილების უნარი დაკარგა. სასამართლო პროცესის მთავარი კითხვაა - როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაში იყო ის ტრაგედიის მომენტში: დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მშობიარობის შემდგომმა ფსიქოზმა მას საკუთარ ქმედებებზე კონტროლი დააკარგვინა, ხოლო ბრალდების მხარე მომხდარში გააზრებულ და წინასწარ განზრახულ ქმედებას ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს დადასტურებული აქვს ფსიქიკური პრობლემები.
„დამძიმებული გულით გაცნობებთ, რომ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას“, - ნათქვამია ნაფიც მსაჯულთა ჩანაწერში, რომელიც მოსამართლე უილიამ სალივანმა სასამართლო დარბაზში თათბირის დასრულების შემდეგ წაიკითხა.
შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ აპირებს სასამართლო პროცესის გაუქმებულად გამოცხადებას, რადგან ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოტანის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბრალდების მხარემ, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მოხდეს საქმის ხელახალი განხილვა ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობით.
კლენსის დაცვა კი უკმაყოფილო დარჩა ამ შედეგით: ისინი მოითხოვდნენ, რომ ნაფიც მსაჯულებს კიდევ ერთხელ ეცადათ ვერდიქტის გამოტანა. თუმცა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ ვითარებაში მას სხვა გამოსავალი არ აქვს.
დაცვას მიეცა ერთი საათი სააპელაციო საჩივრის შესატანად. ის განიხილა მასაჩუსეტსის უზენაესმა სასამართლომ და უარი ეთქვა.
The New York Times-ის ცნობით, კლენსი, სავარაუდოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დარჩება, სანამ პროკურატურა საქმის ხელახალი განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუ კლენსი დამნაშავედ აღიარეს, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება; გამართლების შემთხვევაში - ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა.
ყველა ახალი ამბავი
0