გამონაბოლქვის კონტროლი: საქართველოში სამ წელში 20 ათასზე მეტი დარღვევა გამოავლინეს

© photo: Sputnik / StringerМашины едут по трассе у Сухого моста на набережной Тбилиси
Машины едут по трассе у Сухого моста на набережной Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2026
გამოწერა
2026 წლის 8 თვეში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს აჭარბებს
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik.საქართველოში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე მონიტორინგის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
ტრანსპორტის სექტორის მიერ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის მონიტორინგი 2023 წლის 4 სექტემბრიდან ხორციელდება.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 11 273 თბილისში, 3 627 ბათუმში, 3 366 ქუთაისში, ხოლო 2 461 ქალაქ რუსთავში დაფიქსირდა.
სამართალდარღვევების 18 032 შემთხვევა ფიზიკური პირების, ხოლო 2 695 შემთხვევა იურიდიული პირების მიერ იყო ჩადენილი.
სატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით, 12 109 სამართალდარღვევა მსუბუქ ავტომობილებზე, 7 905 - მიკროავტობუსებზე, 694 - სატვირთო ავტომობილებზე, 18 - ავტობუსებზე, ხოლო 1 - ექსკავატორზე მოდის.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება დაიწყო. გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, დეპარტამენტმა შეიძინა ჰიბრიდული ავტომობილები, ხოლო ეკიპაჟები შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით აღიჭურვა.
გაძლიერებული შესაძლებლობების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებს მეტი ლოკაციისა და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა მიეცათ, რამაც გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის ზრდა განაპირობა.
კერძოდ, 2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5 562 ფაქტი გამოავლინა, 2025 წელს - 6 016, ხოლო 2026 წლის 8 თვის განმავლობაში - 6 105 სამართალდარღვევა. მათგან 743 ფაქტი მხოლოდ აგვისტოში დაფიქსირდა.
მონიტორინგის დაწყებიდან სამი წლის თავზე, გამონაბოლქვის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებისა და პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დეპარტამენტში გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რაც კონტროლის პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად განხორციელებას უზრუნველყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0