რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილი არტეფაქტები ეროვნულ მუზეუმში განთავსდება

© Sputnik / Levan Avlabreliეროვნული მუზეუმის შენობა
ეროვნული მუზეუმის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს. .
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ექსპონატები ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში განთავსდება, განაცხადა კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კიკნაძემ, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას ადგილზე გაეცნო.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და მისი დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება. თუმცა, გამზირის რეკონსტრუქცია ისტორიულ სენსაციად გადაიქცა - ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტები ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს.
კიკნაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროს ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების კვლევის პროცესში.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ“, - განაცხადა კიკნაძემ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს არქეოლოგიური ფენის გამოვლენისთანავე, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელების ნებართვა გასცა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი მერაბ ძნელაძე უძღვება. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ძირითადად, X–XII საუკუნეებით თარიღდება და შუა საუკუნეების თბილისის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტებისა, რუსთაველის გამზირზე პროექტის ვადაგადაცილებით დასრულების საფუძველი არ არსებობს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ყველა ახალი ამბავი
0