„პოლიტიკური და მორალური დეგრადაცია“: მმართველ პარტიაში ღარიბაშვილს უპასუხეს

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" სათავო ოფისი
„ქართული ოცნების სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
მმართველ პარტიაში ღარიბაშვილის ახალ განცხადებებს „ბინძური კამპანია“ უწოდეს, „ერთიან ნეიტრალურ საქართველოში“ – „ანტისახელმწიფოებრივი კამპანია“
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ და მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენმდივანმა ვატო შაქარიშვილმა მკაცრად გააკრიტიკეს მთავრობის ყოფილი მეთაური, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი და იგი პოლიტიკურ და მორალურ დეგრადაციაში დაადანაშაულეს.
პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ ახალ წერილში ღარიბაშვილმა სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე და პრემიერი ირაკლი კობახიძე ქვეყნისა და „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა. ექს-პრემიერმა ცალკე წამოჭრა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საკითხი, რომელმაც ერთ-ერთ სტატიაში კობახიძის მმართველობა გააკრიტიკა. ღარიბაშვილმა მოითხოვა არა მხოლოდ ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების, არამედ არაერთი თვითმკვლელობის ფაქტის გამოძიება, რომლებიც კობახიძისა და მდინარაძის დროს მოხდა.
სამხარაძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ისტორია გახდა „მორიგი გაკვეთილი იმისა, თუ რა მძიმედ და ტრაგიკულად ამთავრებს კარიერას ადამიანი, რომელიც ღალატობს იდეალებს და პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე".
დეპუტატის თქმით, ღარიბაშვილის მიერ კორუფციული დანაშაულის აღიარების შემდეგ ყოფილმა პრემიერმა საპატიმროდან მმართველი პარტიისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბინძური კამპანია დაიწყო.
„მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც, სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა"{, - განაცხადა სამხარაძემ.
როგორც სამხარაძემ დასძინა, ღარიბაშვილი „მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – „ასავალ-დასავალის“ დონეზე დაეშვა.
„ეს მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს: ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მსჯავრდებული ექს-პრემიერის მორიგი წერილი ასევე გააკრიტიკა მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენმდივანმა ვატო შაქარიშვილმა, რომელმაც მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივი კამპანია უწოდა".
მისი თქმით, სამართლებრივი არგუმენტების არარსებობის გამო ღარიბაშვილმა თავიდანვე დააანონსა პოლიტიკური „ბრძოლა“, თუმცა, თავად პროცესი და მასში ჩართული პირები, შაქარიშვილის აზრით, „ყველა ზღვარს გადავიდნენ“.
„მიზეზთა გამო თავს ვიკავებდი კომენტარისგან, სანამ სასოწარკვეთილი კაცის პირადი შურისძიების მცდელობა, ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არ გადაიზარდა", - დაწერა სოციალურ ქსელში შაქარიშვილმა.
როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, მისთვის, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მძიმე საყურებელი იყოამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება", რასაც მისი აზრით, ღარიბაშვილი განიცდის.
„ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და უმნიშვნელოვანეს დროს ანდეს მას ქვეყნის მართვა, თანაც ხელმეორედ(!). მაგრამ ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე", - განაცხადა შაქარიშვილმა.
მან ღარიბაშვილი წერილში უფლებადამცველი ზურაბ (ლაზარე) ჯორბენაძის ხსენების გამოც გააკრიტიკა და ჯორბენაძის ტრაგიკული ბედისა და სიკვდილის შესახებ სპეკულაციებს „ამორალური“ უწოდა.
„ამ ადამიანის სულიერი ტრაგედიით და მისი გარდაცვალებით სპეკულირება ცხადია ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს და ვერც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" გამოადგება ჟანგბადად.უბრალოდ, დაიწერება თანამედროვე ქართული პოლიტიკის ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო თავი!“ - განაცხადა შაქარიშვილმა.
აგვისტოში ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანში ღარიბაშვილმა ახსენა გზავნილი, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის ივლისში მიიღო მდინარაძისგან, რომელსაც მმართველ პარტიაში გავლენიანი თანამდებობა ეკავა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი პოლიტიკაში დაბრუნება. თავად მდინარაძემ ღარიბაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილი წერილებით საზოგადოებრივი აზრის თავის მხარეს გადაბირებას ცდილობს.
საქართველოს პროკურატურამ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 12 აგვისტოს, პირველი წერილის გამოქვეყნებამდე დაიწყო. 24 აგვისტოს ფულის გათეთრებისთვის პატიმრობაში მყოფ ექს-პრემიერს ახალი ბრალი - ქრთამის აღება - წარედგინა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 ათასი ლარი აიღო, საერთო ჯამში კი სახელმწიფოს 6.985,255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ამ საქმეში დამნაშავედ ცნობილმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ალექსანდრე მხეიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0