მდინარე ვერეს კალაპოტში მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა

© courtesy of Tbilisi City Hallმდინარე ვერე
მდინარე ვერე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე ვერეს წყალგამტარუნარიანობის გაზრდას და მოსალოდნელი სტიქიური რისკების მინიმუმამდე შემცირებას.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, მდინარე ვერეს კალაპოტში მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები ჩატარდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე ვერეს წყალგამტარუნარიანობის გაზრდას და მოსალოდნელი სტიქიური რისკების მინიმუმამდე შემცირებას.
„თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატურად ახორციელებენ მომატებული რისკების შემცველი ტერიტორიებისა და ობიექტების მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ტარდება შესაბამისი სამუშაოები. ამჯერად მდინარე ვერეს კალაპოტში მისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მდინარის კალაპოტი სრულად გაიწმინდა წლების განმავლობაში დაგროვილი ლამისგან, ნაშალი მასისგან, მიწისა და დიდი რაოდენობით ნატანისგან. ამასთან, ტერიტორია გასუფთავდა ლელქაშისა და ამონაყრისგან. ასევე, მოიჭრა მდინარის ნატანისგან წარმოქმნილი კუნძულები და ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს წყლის ნაკადის თავისუფალ მოძრაობას აფერხებდა.
„ღონისძიებების ფარგლებში, ამონაყრისგან გათავისუფლდა კალაპოტის ორივე მხარეს ფერდობებზე მოწყობილი 200 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კონსტრუქცია (გაბიონი), ასევე მდინარის თავისუფლად გადაადგილების მიზნით, გაიკაფა უშუალოდ კალაპოტში გაზრდილი ჭალა", - აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მდინარე ვერეს გაწმენდითი სამუშაოები სპეციალური მძიმე ტექნიკის გამოყენებით შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ჩაატარეს.
უწყების ცნობით, თბილისის მერია შესაბამის სამუშაოებს, ასევე მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. მსგავსი ტიპის გეგმური გაწმენდითი სამუშაოები აუცილებელია, რათა უხვი ნალექის დროს მდინარემ შეძლოს წყლის ნაკადების უსაფრთხოდ გატარება და თავიდან იქნას აცილებული კალაპოტიდან წყლის გადმოსვლის საფრთხე.
ყველა ახალი ამბავი
0