„ლელომ“ 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით ჩატარდება.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ძლიერი საქართველო – ლელომ“ საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში - წალკაში, ვანსა და დმანისში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
საქართველოში 2026 წლის 3 ოქტომბერს ოთხ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ 2 პოლიტიკური სუბიექტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო“ მიიღებს მონაწილეობას.
წალკის საარჩევნო ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს იმერას, ბარეთს, საბეჭისს და ლივადს, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ კანდიდატი იქნება ზაზა შანთაძე; ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში კოალიციას ბექა კოპალაძე წარმოადგენს. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში კი „ძლიერი საქართველო – ლელოს“ კანდიდატი ვაჟა ნონიაშვილი იქნება.
„არცერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ მარტო და არცერთი ადამიანის ინტერესს არ დავთმობთ. სადაც მოქალაქეა, იქ უნდა იყოს მისი პოლიტიკური წარმომადგენელიც, ჩვენი მთავარი ვალდებულება ადამიანების ინტერესების დაცვაა. ავტორიტარული რეჟიმი არაფერს თმობს ბრძოლის გარეშე, ეს ბრძოლა ყველა პოლიტიკურ სივრცეში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ „ძლიერი საქართველო – ლელო“ არ ტოვებს ბრძოლის არცერთ ველს“, – განაცხადეს პარტიაში.
არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის რაიონებში შვიდ საარჩევნო უბანზე გაიმართება. საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატები 41-ე ნომრად იქნებიან წარდგენილი, ხოლო „ლელო“ - მე-9 ნომრად.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
კერძოდ, ცესკოს ინფორმაციით, ვანის საკრებულოში სადეპუტატო უფლებამოსილება მაჟორიტარ ბექა ლაჭყებიანს შეუწყდა. წალკის საკრებულოს შემთხვევაში, უფლებამოსილებაზე ვადაზე ადრე რამაზ ხინიკაძეს შეუწყდა, დმანისის საკრებულოში - მაჟორიტარ ილიას სარსევანიძეს, ხოლო ახმეტაში - საკრებულოს მაჟორიტარს ადამ მოზაიძეს.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
მედიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების აკრედიტაციის განაცხადების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა 23 სექტემბერია. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც თავის ოპონენტებზე მეტ ხმას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0