ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა: საიტზე გამოქვეყნებული უწყება მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

© Sputnik / Alexander Imedashviliვაზიანის სამხედრო ბაზა
ვაზიანის სამხედრო ბაზა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
წვევამდელთა გაწვევა ხორციელდება კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესი შეიცვალა - უწყება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
ცვლილებები, რომელიც „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა, 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა.
მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად:
წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით თუ ვერ ხერხდება უწყების ჩაბარება (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია), დოკუმენტი სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება;
ამ შემთხევვაში პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.
თუ პირი უარს აცხადებს შეტყობინების/უწყების ჩაბარებაზე, შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება.
პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. შეტყობინების/უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.
სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
მიმდინარე წლის მაისში ამოქმედებული ცვლილებების მიხედვით, გაწვევის კლასიკური სისტემის - უწყების ჩაბარება - გარდა, წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით ან მობილურ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით იღებს.
წვევამდელთა გაწვევა ხორციელდება კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება, რომ შეტყობინება/უწყება ჩაბარდეს.
წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე;
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
საქართველოში სამხედრო სამსახურში გაწვევა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება. მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.
ყველა ახალი ამბავი
0