ნადირობის სეზონი: 10 დღეში უკანონო ნადირობის 200ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

CC BY-SA 2.0 / storem / The Huntნადირობა
ნადირობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან 10 დღეში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა და 2027 წლის 1 მარტს დასრულდება.~
გამოვლენილი დარღვევებიდან 59 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 17 შემთხვევაში მონადირეებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, ხოლო 13 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 10 დღეში ამოღებულია ფრინველის მოსაზიდი 125 ერთეული ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა, ე.წ. მანოკი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები, დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით და ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები ყველა მსურველს შეუძლია იხილოს უწყების ვებგვერდზე მითითებულ ბმულზე.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.
ყველა ახალი ამბავი
0