„ქართულმა ოცნებამ“ ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

© photo: Sputnik / Stringerსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით ჩატარდება.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში - ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
საქართველოში 2026 წლის 3 ოქტომბერს ოთხ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ 2 პოლიტიკური სუბიექტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო“ მიიღებს მონაწილეობას.
არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის რაიონებში შვიდ საარჩევნო უბანზე გაიმართება. საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატები 41-ე ნომრად იქნებიან წარდგენილი, ხოლო „ლელო“ - მე-9 ნომრად.
მმართველმა პარტიამ ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატებად დაასახელა: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე.
„ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით მისასალმებელია. კამპანიის ფარგლებში, კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მიმოიხილეს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტები და სამოქმედო გეგმა გააცნეს", - ნათქვამია „ქართული ოცნების" განცხადებაში.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
კერძოდ, ცესკოს ინფორმაციით, ვანის საკრებულოში სადეპუტატო უფლებამოსილება მაჟორიტარ ბექა ლაჭყებიანს შეუწყდა. წალკის საკრებულოს შემთხვევაში, უფლებამოსილებაზე ვადაზე ადრე რამაზ ხინიკაძეს შეუწყდა, დმანისის საკრებულოში - მაჟორიტარ ილიას სარსევანიძეს, ხოლო ახმეტაში - საკრებულოს მაჟორიტარს ადამ მოზაიძეს.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
მედიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების აკრედიტაციის განაცხადების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა 23 სექტემბერია. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც თავის ოპონენტებზე მეტ ხმას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0