„მძიმე შეცდომებმა მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია“: ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე წერილი.
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი, მეხუთე წერილი გაავრცელა, რომელშიც „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ეხმიანება.
ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა - მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე წერილი.
„ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა“, - ნათქვამია წერილში.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის" მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს.
ექს-პრემიერი ყოფილ თანაგუნდელებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს. მსჯავრდებული მთავრობის მეთაური ამ კონტექსტში ახსენებს გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიის რესპონდენტის თვითმკვლელობას და აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?
„აღნიშნული სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა... გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ", - წერს ღარიბაშვილი.
აგვისტოში საქართველოს ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანში ღარიბაშვილმა ახსენა გზავნილი, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის ივლისში მიიღო მდინარაძისგან, რომელსაც მმართველ პარტიაში გავლენიანი თანამდებობა ეკავა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი პოლიტიკაში დაბრუნება. თავად მდინარაძემ ღარიბაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
24 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრებისთვის პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი - ქრთამის აღება - წარუდგინა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 ათასი ლარი აიღო, საერთო ჯამში კი სახელმწიფოს 6.985,255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ამ საქმეში დამნაშავედ ცნობილმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ალექსანდრე მხეიძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილი წერილებით საზოგადოებრივი აზრის თავის მხარეს გადაბირებას ცდილობს.
ყველა ახალი ამბავი
0