დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე: პროკურატურამ ბრალი კიდევ 2 პირს წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2026
გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
ცნობილი აფხაზი ბლოგერი, 32 წლის დაურ ბუავა ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს ნახეს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ ორი მუხლით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა, ასევე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გ. გ.-მ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ვ. კ.-ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი", რისი ნაწილიც 23 აგვისტოს მან და დაურ ბუავამ მოიხმარეს, ხოლო ნაწილი დაურ ბუავას საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.
ასევე, გ. გ.-მ უკანონოდ შეიძინა და თავისივე საცხოვრებელ სახლში ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს", რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად დააფასოვა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
დაკავებულ გ. გ.-ს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ს. ბ.-ს ბრალდება სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე წარუდგინა და მას სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0