სახელმწიფო ფასდაკლებების პორტალს ახალი სუპერმარკეტების ქსელი დაემატა

© AFP 2024 / Herbert Pfarrhofer / APAპროდუქტები
პროდუქტები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2026
გამოწერა
ekalata.gov.ge -ს მიზანია მომხმარებლისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის შეთავაზებების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა.
თბილისი, 31აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალ www.ekalata.gov.ge-ს ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა, იუწყება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
სააგენტომ ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი ივნისის ბოლოს წარადგინა – ekalata.gov.ge-ზე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გაეცნოს.
„პორტალზე ამ დროისათვის 14 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“ და „ზღაპარი““, - აღნიშულია ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის განმავლობაში ფასების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქციები ამოქმედდა.
„მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისა და 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასები შეადარონ. დანაზოგის დათვლის ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში პროდუქციის ფასების შედარების საფუძველზე პოტენციური დანაზოგი გამოთვალოს“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
www.ekalata.gov.ge -ს მიზანია მომხმარებლისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის შეთავაზებების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ოპერატიულად ახლდება.
სამომავლოდ პლატფორმაზე არაერთი ახალი ფუნქციონალისა და სერვისის დამატებაა დაგეგმილი. მათ შორის, მზადდება www.ekalata.gov.ge -ს მობილური აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მოწყობილობებისთვის. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სავაჭრო ქსელების მაღაზიების გეოგრაფიული ლოკაციების ფუნქციონალის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს სასურველი სავაჭრო ობიექტების მდებარეობის მარტივად მოძიების შესაძლებლობას მისცემს.
პორტალი www.ekalata.gov.ge
ვებ-გვერდი საქართველოს მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმის მიზანია მომხმარებლისთვის საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა და FMCG სექტორში კონკურენტული გარემოს კიდევ უფრო გაძლიერება.
პორტალი შეიცავს საქართველოში არსებული ყველა ქსელური მაღაზიის მონაცემებს და მათი განახლება სავალდებულოა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ფასების შედარების პორტალი tarifebi.ge , სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება სად, რომელ საქონელსა და მომსახურებაზე დაიკლო ფასებმა.
პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული არიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
ყველა ახალი ამბავი
0