სასახლის შტურმის მონაწილეთა შეწყალებით უკმაყოფილო მხოლოდ ორგანიზატორები არიან - „ოცნება“

© photo: Sputnikპრეზიდენტის სასახლის შტურმი. 2025 წლის 4 ოქტომბერი.
პრეზიდენტის სასახლის შტურმი. 2025 წლის 4 ოქტომბერი. - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის მცდელობის ამნისტირებულ მონაწილეთა კრიტიკა აწყობთ მათ, ვისაც საქართველოში „პოლიტპატიმრებზე“ საუბრითაა დაინტერესებული
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებით უკმაყოფილო დარჩა მხოლოდ ის, ვინც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის ბრძანება გასცა, განაცხადეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა.
ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით (28 აგვისტო) 226 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის იყვნენ ისინი, ვინც 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობისთვის გაასამართლეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა და აქტივისტთა ნაწილმა შეწყალებული პირები პრეზიდენტისთვის მიმართვის გამო გააკრიტიკა.
„ამ ბავშვებმა ითანამშრომლეს სახელმწიფოსთან, მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, აღიარეს თავიანთი ბრალი და იქნენ შეწყალებულნი, რაზეც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა, პრემიერმაც, რომ ამ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენგან ჰუმანური ნაბიჯი გადადგმული. არ მოეწონებათ, რა თქმა უნდა, დამკვეთებს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს აწყობს, რომ რაც მეტი პატიმარი ეყოლება სახელმწიფოს, „გამოვლენ და იტყვიან, რომ ესენი არიან პოლიტპატიმრები“, - აცხადებს ჭეიშვილი.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დააკავეს აქციის 64 მონაწილე, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი.
ნახევარზე მეტმა გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული და გათავისუფლდნენ 3-წლის ვადით პირობითი მსჯავრით.
ნაწილმა კი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.
დაკავებულებს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მაქსიმალური სასჯელი - შვიდი წელი - პროტესტის ორგანიზატორებსა და ცნობილ აქტივისტებს მიესაჯათ.
ყველა ახალი ამბავი
0