მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რემონტის დასრულება კვლავ გადავადდა

© photo: Sputnik / Stringerმეტრო „ვარკეთილი“
მეტრო „ვარკეთილი“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
214 ათასი ლარით გაიზარდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და 13.240.610 ლარით განისაზღვრა
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა - ამჯერად 2026 წლის 30 დეკემბრამდე, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რემონტი 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად სამუშაოები 18 თვეში, 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა რამდენჯერმე გადაიწია. სამუშაოების ძირითადი ნაწილი, რის შემდეგაც მეტროსადგური მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, მარტში დასრულდა.
გადავადებას ითვალისწინებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ “ბადა ქონსთრაქშენს” შორის 2026 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ვადის გაგრძელებისა და თანხის დაკორექტირების შესახებ.
კორექტირებები შევიდა თავად რეაბილიტაციის ტექნიკურ სამუშაოებში, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზისა და დახრილი გვირაბის ჭერის მოსაპირკეთებლად თავდაპირველად გათვალისწინებული აკვაპანელის ნაცვლად ალუმინის ფირფიტების გამოყენება გადაწყდა.
ასევე შეიცვალა მგზავრთა ჩასაჯდომ ბაქანზე სკამების დიზაინიც. გარდა ამისა, განახლებული ხელშეკრულებით შეიცვალა იატაკის მოპირკეთების მასალებიც, კერძოდ, კერამოგრანიტის დაგების ნაცვლად დარჩება არსებული ბუნებრივი გრანიტი, რომელსაც უკვე შემდგომ მოხვეწენ და გააპრიალებენ.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით 214 ათასი ლარით გაიზარდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და 13.240.610 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად წარმოდგენილი 13.026.537 ლარისა.
დღეისათვის, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კონტრაქტორს უკვე გადაუხადა 9,4 მილიონი ლარი, რაც კონტრაქტის მთლიანი ღირებულების დაახლოებით 71%-ს შეადგენს.
"ვარკეთილის" მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 ათასი ლარი დაჯდა. პროექტზე შპს "ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის იანვარში რეაბილიტირებულ "ვარკეთილის" სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა.
მერიამ აღნიშნული მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორი კომპანია "მამისონთან" ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო. კომპანია "ბადა კონსტრაქშენმა" რემონტი 2025 წელს დაიწყო და დღემდე აგრძელებს.
მეტრო "ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0