შვეიცარიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიშვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა დაადასტურა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებაში, განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
„შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა დაადასტურა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებაში“, - აღნიშნეს უწყებაში.
მათივე ცნობით, ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ ორმხრივ ფორმატში პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, განვითარების, რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და სხვა სფეროებში.
ამას გარდა, 2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში – რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.
ასევე 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქართველოსა და ლიხტენშტაინის მთავრობებს შორის მოქმედებს კონვენცია „შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.
ყველა ახალი ამბავი
0