მერიამ რუსთაველის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2026
გამოწერა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და მერია მის დასრულებას ნოემბრიუს ბოლოსთვის გეგმავს.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება, იუწყება თბილისის მერია.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა 100 დღეს შეადგენს. ვადების სიმცირის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
კერძოდ, ახალი სქემის თანახმად, რიგ ქუჩებზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა, ასევე, შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა.
1 სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
გარდა ამისა, ბესიკის ქუჩის მონაკვეთი, კერძოდ, ჟვანიას ქუჩის კვეთიდან შევჩენკოს ქუჩის კვეთამდე იქნება ცალმხრივი, ასევე, ცალმხრივი მოძრაობა იქნება შევჩენკოს ქუჩაზე, ბესიკის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით; ლერმონტოვის ქუჩაზე გადაადგილება კვლავ ცალმხრივი იქნება, თუმცა შეცვლილი მიმართულებით – შესაძლებელი ხდება ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის ქუჩის გავლით შალვა დადიანის ქუჩაზე მოხვედრა.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა შესაძლებელი იქნება ორი ძირითადი მიმართულებით. კერძოდ, მძღოლები თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან 9 აპრილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით გადავლენ ჟვანიას ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებენ ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებისკენ. ასევე, როგორც ჭონქაძის, ისე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩიდან გადავლენ მთაწმინდის ქუჩაზე და არსენას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს.
შევჩენკოს ქუჩიდან მარხნივ მოხვევით უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჟვანიას, 9 აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების საშუალებით, საიდანაც მძღოლები ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებით დაუკავშირდებიან ლერმონტოვისა და დადიანის ქუჩებს, ასევე თავისუფლების მოედანს; მთაწმინდის ზედა ქუჩებზე მოხვედრა დასაშვები იქნება 9 აპრილის ქუჩიდან არსენას ქუჩის გავლით.
„გადაადგილების დროებითი სქემის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძღოლებისთვის, შესაბამისად, ვიდეორგოლის სახით ის, სოციალური პლატფორმების გარდა, ტელევიზიითაც გავრცელდება, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია სიახლეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იქნება საუკეთესო პროექტი, რომლითაც ყველა იამაყებს, თუმცა მანამდე საჭიროა, დედაქალაქის მოსახლეობა მოთმინებით მოეკიდოს სამუშაოებით გამოწვეულ დისკომფორტს.
თბილისის მერია რუსთვაელის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებას ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0