რუსთავში XII საუკუნის უნიკალური ქართული მონეტა აღმოაჩინეს

© Courtesy of Rustavi City Hallმონეტა
მონეტა - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
ეს პირველი მონეტაა, ქართული მხედრული წარწერით და დათარიღებით ქორონიკონით.
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. რუსთავში არქეოლოგებმა თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინეს - არტეფაქტი XII საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალურ და იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს, ნათქვამია ქალაქის მერიის ვებგვერდზე.
მონეტა აღმოაჩინეს რუსთავის ისტორიული ციხის და სასახლის მეოთხე დარბაზში. მონეტის შუბლზე გამოსახულია, მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის, არეზე კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა-ქორონიკონ 394.
მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება-„მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი".
„რუსთავის სასახლეზე აღმოჩენილი მონეტა, უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტაა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთავის ისტორიული ციხის და სასახლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები მერიის მხარდაჭერით 2025 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტზე მუშაობა.
რუსთავის სასახლე ორსართულიანი იყო. თითოეულ სართულზე მდებარეობდა შვიდ-შვიდი სივრცე, ხოლო ნაგებობის მთლიანი ფართობი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, სასახლის I, III, IV, V ოთახები სრულად შეისწავლა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს V დარბაზის გათხრები, სადაც კარგად შემონახული ხის იატაკი, დიდი ოდენობით ფეტვი და მარცვლეული, ფეტვით სავსე თიხის დერგი იქნა ნანახი.
მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა III ოთახშიც, სადაც უნიკალურად მოხატული ჭურჭელი, ადგილობრივი წარმოების მინის სასმისები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამები, ქვაბ-ქოთანი, მონეტები და სხვა არტეფაქტები იქნა ნანახი.
აღნიშნული ექსპონატები XII- XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სასახლის ქვედა ფენებიდან კი ანტიკური პერიოდის ჭურჭელია ამოტანილი.
დამთვალიერებლებს რუსთავის სასახლის და იქ აღმოჩენილი არტეფაქტების ნახვა 7 სექტემბრიდან შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0