ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

© Roads Department of Georgiaსაგზაო სამუშაოები
საგზაო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები 13.000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სრულდება, აღნიშნავენ მერიაში.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება დედაქალაქის მერია.
პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია 400 ანკერი და 20 ხიმინჯი.
"ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარეობს მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები. ცუდ ამინდებში არსებობდა ფერდის ჩამოშლის საშიშროება, ალტერნატიული გზაც არ არსებობს, ამიტომ დაიგეგმა მსგავსი ტიპის სამუშაოები - ეწყობა ანკერები და ხიმინჯოვანი კედელი. სამუშაოები იანვარ-თებერვალში უნდა დასრულდეს, რომლის შემდეგაც ტერიტორია სრულად მოწესრიგებული იქნება, გადაადგილება კი უსაფრთხო", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები 13.000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სრულდება. მიმდინარეობს ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა. ფერდზე ეწყობა 2060 ანკერი და დამონტაჟდება ფოლადის გალვანიზებული ბადე, რაც აღმოფხვრის ქანების ჩამოშლისა და მეწყრული პროცესების განვითარების რისკს.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობა, რომელიც ზედაპირული წყლების მოცილებისთვის მნიშვნელოვანია და ფერდის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
სამუშაოების დასრულების ეტაპზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება – დაიგება ასფალტის საფარი და სრულად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 14.300.000 ლარია.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი იმყოფებოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0